ARMAZI არმაზი ARMAZI

ქართველური ენები

ზანური

ქართველურ ენათა შედგენილობისათვის

ქართველური ენები წარმოადგენენ კავკასიურ ენათა სამხრეთის ჯგუფს. ამ ჯგუფში სამი ენა შედის: ქართული , სვანური და ჭანურ-მეგრული (ან ლაზურ-მეგრული).

ჭანური და მეგრული ორივე დიალექტია ერთი ენისა, რომელიც ქართველურ ენათა ჯგუფის მესამე წევრს წარმოადგენს. ამ ენას პირობითად ზანურს უწოდებენ.

ტერმინისათვის

"ზანა:რ" მეგრელებს ამჟამადაც ეწოდება სვანურად. სვანების გარდა ყაბარდოელებსაც შეუნახავთ "ზანე" - "სამეგრელოს" აღსანიშნავად. პროკოფი კესარიელისა და სხვა ძველი ბერძენი მწერლების "სანები" () იგივე ზანები უნდა ყოფილიყვნენ; ამ სანებს ძველი ბერძნული წყაროები ხშირად აიგივებენ "მაკრონებთან": "სანები, რომელთაც წინათ მაკრონები ერქვათ..." - სტრაბონის მიხედვით; "მაკრონები ამჟამად იწოდებიან სანებად" - სტეფანე ბიზანტიელის ჩვენებით; "ჭანების ტომი, თავიდანვე ბარბაროსები... წინა ხანებში სანებად წოდებულნი"... "სანები, რომელთაც ახლა ჭანები ეწოდებათ..." - პროკოფი კესარიელი. იმერეთის "საზანო" და სამეგრელოს "ზანა" (სოფელიცა და მდინარეც) აგრეთვე "ზან" ტერმინის რეალურობას ამტკიცებენ.

ეთნიკური ღირებულება და პოლიტიკური მნიშვნელობა ამ ტერმინებისა (ლასი, ჭანი, მაკრონი, სანი ე.ი. ზანი) სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ისტორიული ძიების საქმეა. მთავარი კი ისაა, რომ "ზან" ტერმინს აქვს ისტორიული ტრადიცია, რომ "ზან" ტერმინი ამჟამადაც რეალურად არსებობს და რომ ეს რეალური მნიშვნელობაცა და ისტორიული ტრადიციაც მეგრელებისა და ჭანებისაკენ მიგვითითებს.

ყოველივე ეს გვაძლევს უფლებას, რომ "ზანური", როგორც პ ი რ ო ბ ი თ ი ტერმინი (ჭანური და მეგრული ფუძე-ენის აღსანიშნავად) ნებისმიერად აღებულად არ მივიჩნიოთ.

გავრცელების არე

მეგრული ფართო ტერიტორიაზე არის გავრცელებული საქართველოს დასავლეთ მხარეში: ოდიშის ზეგანი და თითქმის მთელი კოლხეთის დაბლობი -შავი ზღვიდან სვანეთის მთებამდე და ცხენისწყალ-რიონიდან მდინარე ღალიძგამდე.

ჭანურის გავრცელების არე ერთობ მცირეა: ჭანებს უჭირავთ შავი ზღვის ვიწრო მთაგორიანი სანაპირო ზოლი სოფელ სარფიდან რიზემდე. აღმოსავლეთით ეს ზოლი მთებითაა დახშული. ი. ყიფშიძის ცნობით ამ მთებს ჭანური მეტყველება მხოლოდ ერთგან სცილდება: ესაა მურღულისაკენ მდინარე ჩხალის ხეობაში მოქცეული 8 სოფელი. სანაპირო ზოლზე ჭანური უწინ უფრო მეტად უნდა ყოფილიყო გავრცელებული ტრაპიზონის მიმართულებით. ნ. მარს მოჰყავს ათინელი ლაზის, ფევზი-ბეის ცნობა:

"სტამბოლში ლაზს ეძახიან შავი ზღვის სანაპიროს ყველა მცხოვრებს, თვით სამსუნელებსა და სინოპელებსაც კი; სინოპელები ლაზებს უწოდებენ სამსუნელებს; სამსუნელები - ტრაპიზონელებს; ტრაპიზონელები - რიზელებს; რიზელები - ჩვენს მხარეს."

მთელი ჭანეთი თურქეთის ფარგლებში შედის; ერთადერთი სოფელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა დარჩენილი, არის უკიდურესი ჩრდილოეთი პუნქტი ჭანთა მოსახლეობისა, სოფელი სარფი და ისიც ნაწილობრივ: საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარი ზედ სოფელზე გადის და ორად ჰყოფს მას.

დიალექტური დიფერენციაცია

ზანურის ორივე დიალექტი, ჭანურიცა და მეგრულიც კილოკავებად იშლება.

მეგრულის კილოკავებია: ზუგდიდურ-სამურზაყანული და სენაკური.

ჭანურის კილოკავებია: ათინური, ვიწურ-არქაბული და ხოფური.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.