ARMAZI | არმაზი | ARMAZI |
დამწერლობა გრაფიკულ ნიშანთა, ან გამოხატულებათა მეშვეობით სამეტყველო ინფორმაციის ფიქსაციის საშუალებაა. დამწერლობას ყოფენ შემდეგ ტიპებად იმისდა მიხედვით, თუ მეტყველების რომელი ელემენტი გადმოიცემა ნიშნებით:
ფრაზეოგრაფიკული დამწერლობა | ლოგოგრაფიული დამწერლობა |
იდეოგრაფიული დამწერლობა | მორფემოგრაფიული დამწერლობა |
მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა | ბგერითი დამწერლობა |
1. ფრაზეოგრაფიკული დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომელიც მთლიანად, გრაფიკულად სიტყვებად გადმოსცემს თითქმის დაუნაწევრებელ ამბავს. ფრაზეოგრაფიკული დამწერლობა მოიცავს ორ სახეს:
ა) ხატოვანს, პიკტოგრაფიას (ლათ. სიტყვიდან pictus "ხატოვანი" და ბერძ. სიტყვიდან graphia "წერა");
ბ) უძველეს პირობით ნიშნებს - ესენია საკუთრების აღმნიშვნელი სიმბოლოები, ტაბუ, თავდაპირველი ორნამეტის სიმბოლური ელემენტები და სხვ, რომლებიც აგრეთვე მთლიან, დაუნაწევრებელ ინფორმაციას გადმოსცემენ;
თავდაპირველად დამწერლობა პიკტოგრაფიული იყო. პიკტოგრამები გამოხატავდნენ მთელ თხრობით კომპოზიციას, ან წარმოადგენდნენ ერთმანეთთან დაკავშირებულ ნახატთა სერიას. პიკტოგრაფიული დამწერლობა მეზოლითისა ან ნეოლითის ეპოქაში შეიქმნა და თავისი წარმოშობით უკავშირდება სახვით ხელოვნებას.
პიკტოგრაფიის მეორე სახეობა უძველესი პირობითი ნიშნები ზემო პალეოლითის მიწურულში ან მეზოლითის ეპოქაში აღმოცენდა. მოგვიანებით ამ ნიშანთა დიდი ნაწილი გადავიდა პიკტოგრაფიულ, შემდგომ კი ლოგოგრაფიულ დამწერლობაში. პიკტოგრამებს მხოლოდ უმარტივესი ცნობების გადმოცემა შეეძლოთ. საზოგადოების განვითარებასთან ერთად პიკტოგრაფიული გამოხატულებები იშლებოდა ცალკეულ გამომსახველობით ნიშნებად, რომლებიც სულ უფრო და უფრო სტაბილურნი ხდებოდნენ. ამ პროცესის შედეგად პიკტოგრაფია გარდაიქმნა უფრო სრულქმნილ, მაგრამ რთულ ლოგოგრაფიულ დამწერლობად.
2. ლოგოგრაფიული (ბერძ. სიტყვიდან logos "სიტყვა" და graphia "წერა") და იდეოგრაფიული (ბერძ. სიტყვიდან idea "ცნება" და graphia "წერა") ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გადმოსცემენ სიტყვებსა და ცნებებს;
ლოგოგრაფიული დამწერლობის უძველესი სისტემები (ეგვიპტური, წინააზიური, წინაინდური, კრიტული, ჩინური) შეიქმნენ ჩვენს ერამდე IV ათასწლეულის მიწურულს - II ათასწლეულის დასაწყისში. წმინდა ლოგოგრაფიული დამწერლობა იშვიათად გვხვდებოდა (ძველი ჩინური, შუმერული). როგორ წესი, ლოგოგრაფიული დამწერლობანი თავიანთი განვითარების ადრინდელ ეტაპზე იყენებდნენ პიკტოგრაფიის ელემენტებს, ხოლო მოგვიანებით - მორფემის, მარცვლოვან ან ბგერით ნიშნებს.
ლოგოგრაფიული დამწერლობა მრავალ ნიშანს საჭიროებდა, რის გამოც იგი მხოლოდ მცირერიცხოვან პირთათვის (ქურუმები, სახელმწიფო მოხელეები, მწერლები) იყო ხელმისაწვდომი.
3. მორფემოგრაფიული დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გამოხატავენ მორფემებს; მორფემოგრაფიული დამწერლობის ნიმუშია ჩინური დამწერლობა, რომელიც ლოგოგრაფიიდან მორფემოგრაფიისაკენ განვითარების გზას გვიჩვენებს და განპირობებულია ჩინური ენის თავისებურებებით. ჩინურის უძველესი ძეგლები II ათასწლეულის ნახევრით თარიღდება. თანამედროვე ჩინური დამწერლობა იყენებს 6-8 ათას იეროგლიფს და 214 დეტერმინატივს, რომელიც იეროგლიფებით გადმოცემული ძირების მნიშვნელობათა დასაზუსტებლად იქნა შემოღებული.
4. მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გამოხატავს მარცვალს; ლოგორაფიული დამწერლობიდან მარცვლოვან (სილაბურ) დამწერლობაზე გადავიდა განვითარების გარკვეულ ეტაპზე წინააზიური დამწერლობა. მისი უძველესი ძეგლები შუმერებს მოეპოვებათ და თარიღდება ძვ. წ. აღ.-ის IV ათასწლეულის II ნახევრით. უკვე III ათასწლეულის დასაწყისში ზოგი ერთმარცვლოვანი ლოგოგრამა გამოიყენება მარცვლის გამომხატველ ნიშნად. III ათასწლეულის მეორე ნახევრისათვის დამწერლობანი ტრანსფორმაციას განიცდიან - დამწერლობა გადადის ლურსმნული ნიშნების კომბინაციაზე, რაც საწერი მასალის - თიხის გამოყენებით იყო განპირობებული.
მნიშვნელობით ლოგოგრაფიულ-სილაბური და ფორმით ლურსმნული იყო წინა და მცირე აზიის დამწერლობათა უმრავლესობა, რომლებიც სათავეს შუმერულიდან იღებენ:
ელამური - ჩვ. ერამდე III ათასწლეული;
უძველესი აქადური - ჩვ. ერამდე III ათასწლეული;
ასურულ-ბაბილონური - III - I ათასწლეული ჩვ. ერამდე;
ხეთური ლურსმნული - ჩვ. ერამდე II ათასწლეული (ძვ წ. აღ-ის 8 საუკუნემდე იყენებდნენ იეროგლიფურ დამწერლობასაც);
ურარტული - 9-6 საუკუნეები ჩვ. ერამდე;
5. ბგერითი (ფონეტიკური) დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გამოხატავენ ფონემებს ან ალოფონებს; ეს უკანასკნელი ტიპი, თავის მხრივ, იყოფა ორ ჯგუფად:
ა) კონსონანტური ტიპის დამწერლობის გრაფემები მხოლოდ თანხმოვან ფონემებს გამოხატავენ;
ბ) კონსონანტურ-ვოკალისებული ტიპის დამწერლობის გრაფემები გამოხატავენ როგორც თანხმოვან, ისე ხმოვან ფონემებს.
ბგერითი დამწერლობის განვითარება დაიწყო კონსონანტური სისტემების წარმოქმნით. თანხმოვანთა აღმნიშვნელი ერთეულები პირველად გაჩნდა ეგვიპტურ დამწერლობაში. დამწერლობის პირველი თანმიმდევრული თანხმოვნური სისტემა შექმნეს ფინიკიელებმა, უგარითელებმა და სხვა დასავლურ სემიტურმა ხალხებმა ჩვ. ერამდე II ათასწლეულში. ფინიკიური ანბანი საფუძვლად დაედო თითქმის ყველა ბგერით დამწერლობას. იგი შეიცავდა თანხმოვანთა აღმნიშვნელ 22 გრაფემას, რომლებიც გარკვეული რიგის მიხედვით იყვნენ დალაგებული. წერის მიმართულება იყო მარჯვნიდან მარცხნივ.
ფინიკიური ანბანის საფუძველზე აღმოსავლეთში შეიქმნა არამეული დამწერლობა, რომელმაც თავის მხრივ საფუძველი დაუდო აზიის ყველა კონსონანტურ და ზოგ სხვა სისტემებს, ხოლო დასავლეთში ფინიკიური ანბანის საფუძველზე ჩამოყალიბდა ბერძნული ანბანი, რომლისგანაც მომდინარეობს თითქმის ყველა კონსონანტურ-ვოკალიზებული ანბანური სისტემები.
აღმოსავლური დამწერლობის სისტემები ქმნიან ოთხ ჯგუფს: ებრაული, სირიული, ირანული და არაბული. მათი განვითარება დაკავშირებული იყო იუდაიზმთან (ებრაული), აღმოსავლურ ქრისტიანობასთან (სირიული), ზოროასტრიზმთან (ირანული) და მუსლიმანობასთან (არაბული).
დასავლური დამწერლობის სისტემები მომდინარეობენ ბერძნული ანბანიდან: ჩვ. ერამდე I ათასწლეულში შეიქმნა მის საფუძველზე ეტრუსკული და ლათინური დამწერლობანი, ხოლო II-III საუკუნეებში - კოპტური დამწერლობა. ბიზანტიური ბერძნული დაედო საფუძვლად თანამედროვე ბერძნულ, გოთურ, სლავურ, სომხურ და სხვა დამწერლობებს.
Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.
საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.