ARMAZI არმაზი ARMAZI

სანნარევი ტექსტები


სინური მრავალთავი

ქართული ენისა და მწერლობის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი სინური მრავალთავი 864 წელს გადაუწერიათ იერუსალიმში, საბაწმინდის ლავრაში. ხელნაწერი ამჟამად დაცულია სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში.

სინურ მრავალთავში შესულია III-V საუკუნეების დიდი საეკლესიო მოღვაწეებისა და მწერლების თხზულებანი. სამწუხაროდ, ხელნაწერი ჩვენამდე ნაკლული სახით არის მოღწეული: დღეს იგი 275 ფურცელს ითვლის, ა. შანიძის ვარაუდით ხელნაწერს აკლია 79 ფურცელი, ხელნაწერის თითქმის ერთი მესამედი.

ხელნაწერს ახლავს ვრცელი და უაღრესად საინტერესო ანდერძი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ხელნაწერის შექმნის ინიციატორია მაკარ ლეთეთელი (ქარელის რაიონში არის ქვემო ლეთეთი და ზემო ლეთეთი). როგორც ნ. მარმა მიუთითა, მაკარი უნდა იყოს გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, ეფრემის, აწყურის ეპისკოპოსის ნათესავი.

ხელნაწერის გადამწერად დასახელებულია ამონა, ვახთანგ მოძარღულის ძე. როგორც ა. შანიძე ვარაუდობს, ეს ხელნაწერი სამი (შესაძლოა ხუთი) პირის მიერ უნდა იყოს გადაწერილი. ერთ-ერთი გადამწერი, რომელსაც წიგნის უმეტესი ნაწილი გადაუწერია, თვით მაკარ ლეთელელი ჩანს. ხელნაწერის დამზადებაში მაკარის და მის თანამშრომლებს დახმარებია პიმენ კახი.

ხელნაწერი თარიღიანია (ხჳჲჱ=6468-5604=864 წ.; პდ=84+780=864 წ.). სინური მრავალთავი არის უძველესი თარიღიანი ხელნაწერი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

ხელნაწერის ბოლო სამი გვერდი დაუწერელი ყოფილა. 981 წელს იოანე ზოსიმეს ძეგლი მესამედ შეუმოსავს და ამის შესახებ ხელნაწერის ერთ დაუწერელ გვერდზე (274v) შესაბამისი ცნობა მოუთავსებია. ხელნაწერის შემდეგ გვერდზე იოანე ზოსიმეს ჩაუწერია ქართული ენის საგალობელი "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ".

სინური მრავალთავი გამოიცა 1959 წელს ა. შანიძის რედაქციითა და ვრცელი გამოკვლევით. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ, ზ. ჭუმბურიძემ, ლ. ბარამიძემ.




ადიშის ოთხთავი

ადიშის ოთხთავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელნაწერია. იგი მესტიის რაიონის სოფელ ადიშის მაცხოვრის ეკლესიაში იპოვა ბ. ნიჟარაძემ. ფურცლები, განსაკუთრებით ლუკას თავში, აღრევით იყო აკინძული. ხელნაწერიდან ამოგლეჯილ ორ ფურცელს ბ. ნიჟარაძემ ცალკე მიაგნო.

ადიშის ოთხთავი დაწერილია ასომთავრული ანბანით, ორ სვეტად. (274v)-ს მეორე სვეტში მოთავსებულია ანდერძი. ანდერძიდან ჩანს, რომ ადიშის ოთხთავი გადაუწერია მიქაელს. გადაწერის თარიღია 897 წელი (ქრონიკონი რიზ=117+780, ხფა=6501-5604=897 წ.). ქრისტეს შობიდან ჩა (1001 წ.) ნაანგარიშევია ალექსანდრიული წელთაღრიცხვით, რომელიც ქართულს 104 წლით ჩამოუვარდებოდა (1001-104=897).

ადიშის ოთხთავი შეუმოსავს მიქაელ დიაკონს. ა. შანიძის ვარაუდით, ხელნაწერის მომგებელი, სოფრონ არის გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, "დიდი სოფრონ, სანატრელი მამაჲ, შატბერდისა ეკლესიისა განახლებით აღმაშენებელი და უკუნისამდე გჳრგჳნი მისი". ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რომლის თანახმადაც ა. შანიძე წიგნის შექმნის ადგილად შატბერდს მიიჩნევს.

ადიშის ოთხთავი მე-16 საუკუნეში შატბერდიდან წამოუღია ნიკოლაოსს (ჯუმათის მონასტრის ყოფილ მამასახლისს), მალე ოთხთავი სვანეთში აუტანიათ, რასაც მოწმობს სვანთა მიერ მე-17 საუკუნეში გაკეთებული მინაწერებისა და ათანასეს (სვანის) ორთოგრაფიის თავისებურებანი. თითქმის ამავე დროის მინაწერში მოიხსენიება ადიში: "...ღმერთმან [ა]დჲდოს ადჲშოჲსა სფლი..."

ადიშის ოთხთავის შესახებ პირველი ცნობა გამოაქვეყნეს პ. უვაროვამ და ა. ხახანაშვილმა 1901 წელს. 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა მოაწყო ექსპედიცია სვანეთში, ხოლო ცნობილმა ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვმა გადაიღო ადიშის ხელნაწერის ფოტოსურათები. მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოებამ 1916 წელს განახორციელა ადიშის ოთხთავის ფოტოპირული გამოცემა. 1945 წელს ადიშის ოთხთავის ტექსტი გამოაქვეყნა ა. შანიძემ წიგნში "ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით".




ოპიზის ოთხთავი

ქართული ოთხთავის ტექსტის შემცველი ერთ-ერთი უძველლესი ნუსხა არის ოპიზის სახარება, რომელიც 913 წელს გადაუწერიათ ოპიზაში. ამჟამად ხელნაწერი ინახება ათონის ქართველთა მონასტრის ხელნაწერთა კოლექციაში, ამიტომ მას ათონის სახარებასაც უწოდებენ. ძეგლი 1898 წელს იპოვა ნ. მარმა. მანვე გამოაქვეყნა პირველი ცნობები ამ საინტერესო ხელნაწერის შესახებ 1899წელს. 1909-11 წლებში ვლ. ბენეშევიჩმა გამოსცა მათეს და მარკოზის თავები ოპიზისა და ტბეთის (995 წ.) ხელნაწერთა მიხედვით.

ტექსტი ასომთავრულადაა დაწერილი ორ სვეტად და დაერთვის ანდერძი, რომელშიც მითითებულია ხელნაწერის გადამწერის ვინაობა, დაწერის დრო და ადგილი:
"მე, გლახაკი და ცოდვილი გრიგოლ, ღირს-მყო უფალმან ღმერთმან და იესუ ქრისტემან მოგებად და დაწერად ჴელითა ჩემითა წმიდაჲ ესე ოთხთავი სახარებაჲ. დაიწერა წმიდაჲ ესე სახარებაჲ ლავრასა შინა წმიდისა ნათლისმცემლისასა უპიზას დედისაგან უცთომელისა სიტყჳთ და ზანდუკით გამოწმედილისა, ქრონიკონი იყო რლგ."

როგორც ანდერძიდან ჩანს, გრიგოლო ყოფილა ხელნაწერის მომგებელიც და გადამწერიც. მას რლგ(133) ქრონიკონს ანუ 780+133=913 წელს გადაუწერია ძეგლი.




ჯრუჭის ოთხთავი

ჯრუჭის ოთხთავი (დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში - H-1660), გადაწერილია 936 წელს. ხელნაწერი შეიცავს 297 ფურცელს. მისი მომგებელია გრიგოლი, ხოლო გადამწერი - გაბრიელი. ცნობები მათ შესახებ შემონახულია ანდერძში, ხელნაწერის მომგებელი გრიგოლი მოიხსენიება აგრეთვე (229v)-ზე, ლუკას სახარების ბოლოს, ნუსხურ მინაწერში.

940 წელს ხელნაწერი მოუხატავს თევდორეს, რასაც მოწმობს მის მიერ გაკეთებული მინაწერები: "ქრონიკონი იყო რჲ. ქრისტე, შეიწყალე ამათ კამარათა მწერალი თევდორე" და "ქრისტე, შეიწყალე თევდორე". მინაწერები მოთავსებულია პირველ ფურცელზე (Iv), ჯვრის ზემო ფრთის ორივე მხარეს (ქრონიკონი რჲ=160 780+160=940 წ.). მხატვარს თავისი ხელით ჩაუწერია ევსების "თანხმობათა" საძიებელი, ევსების ეპისტოლე კარპიანეს მიმართ, აგრეთვე ყველა წარწერა მინიატურებთან.

თურქეთში გატანილი ჯრუჭის ოთხთავი ხორასანში გამოუსყიდია იოვანე არწაიშვილს, რის შესახებაც მოგვითხრობს XVI-XVII საუკუნეების ნუსხური მინაწერი. 1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ეს ხელნაწერი ჯრუჭში დაცულ სხვა წერილობით ძეგლებთან ერთად საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმს გადასცა. ჯრუჭის ოთხთავი 1945 წელს გამოაქვეყნა ა. შანიძემ წიგნში "ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით".




პარხლის ოთხთავი

პარხლის ოთხთავი (დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში - H-1453) 260 ფურცელს შეიცავს, ერთვის ანდერძი, საიდანაც ირკვევა, რომ ხელნაწერი შატბერდშია გადაწერილი იოანე ბერაის მიერ და შეუწირავთ პარხლის ახალი ეკლესიისათვის: "მე იოვანე ბერამან, მწერალმან შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ყოველთა ძმათა შატბერდელთა..." ძეგლი დათარიღებულია: "დაიწერა დასაბამითგანთა წელთა ხფოზ. ქრონიკონი იყო რჟგ". ხფოზ=6577 (6577-5604=973წ.); რჟგ=193 (780+193=973წ.).

პარხლის ოთხთავს 1889 წელს მიაგნო ექვთიმე თაყაიშვილმა და მის შესახებ გამოაქვეყნა ცნობა 1890 წელს წიგნში "სამი ისტორიული ქრონიკა". ხელნაწერი ინახებოდა სოფელ ზემო ჭალის მღვდელთან, ვინმე სუხიევთან (სუხიაშვილთან). ამ უკანასკნელის სიტყვებით სახარება მას გორიდან ჰქონდა წაღებული, იგი ეკუთვნოდა იბანე აბაშიძის ქვრივს. ვინაიდან მღვდელმა არ ინდომა სახარების გადაცემა, ეყვთიმე თაყაიშვილი მასთან დადიოდა და სწავლობდა ხელნაწერს. როგორც გაირკვა, სახარება გადაწერილი ყოფილა იმავე იოვაბე ბერაის მიერ, რომელსაც გადაუწერია შატბერდის კრებული, რაც საშუალებას იძლეოდა შატბერდის უთარიღო ხელნაწერის დათარიღებისა. მ. სუხიაშვილისის გარდაცვალების შემდეგ ხელნაწერს ვეღარ მიაგნეს. 1920 წელს ოთხთავი უნივერსიტეტში მიიტანა გერმანიის კონსულმა, რომლისთვისაც შესაძენად შეუთავაზებიათ ეს უკანასკნელი. პირი, რომელსაც განთქმული ოთხთავი თავისად მიაჩნდა, იძულებული შეიქნა უნივერსიტეტისათვის დაეთმო იგი. ასე გადაურჩა ეს ხელნაწერი უცხოეთში გაყიდვას.

პარხლის ოთხთავი ორ სხვა ხელნაწერთან ერთად გამოსცა ა. შანიძემ 1945 წელს.




ოშკის (ათონის) ბიბლია

ოშკის ბიბლია ქართული ენისა და მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. დაცულია ათონის ივერთა მონასტერში. აკინძულია ორ წიგნად, შეიცავს 954 ფურცელს. ტექსტი ნუსხური ანბანით არის ნაწერი ეტრატზე ორ სვეტად. გადაწერილია 978 წელს ოშკში. ხელნაწერის მომგებელია იოვანე თორნიკ-ყოფილი. ერთ-ერთი გადამწერის სტეფანეს ხელით არის შესრულებული მომგებლის ანდერძი. მის მიერვე არის (422v)-ზე ჩაწერილი შემდეგი ანდერძი: "დაიწერა წმიდაჲ ესე წიგნი ჴელითა სამთა მწერალთაჲთა: მიქაელისითა, გეორგისითა და სტეფანესითა... ოდეს ესე წიგნი დაიწერა, ქრონიკონი იყო რჟჱ".

როგორც ამ ანდერძიდან ჩანს, ოშკის ბიბლია გადაწერილია სამი გადამწერის - მიქაელის, სტეფანესა და გიორგის მიერ 978 წელს (რჟჱ=198+780=978წ.)

სამწუხაროდ, ხელნაწერი დაზიანებულია.ზოგი წიგნი მთლიანად დაკარგულია, ზოგს კი ფურცლები აკლია.

1849 წელს ბიბლიის ეს ხელნაწერი ათონიდან საქართველოში ჩამოიტანა პლატონ იოსელიანმა. საქართველოში დამზადდა ათონური ბიბლიის ორი პირი, რომლებიც ხელნაწერთა ინსტიტუტის კუთვნილებაა ( A-471; S-422).



უდაბნოს მრავალთავი

1920 წელს ა. შანიძემ უდაბნოს (გურია, ოზურგეთის მახლობლად) იოვანე ნათლისმცემლის მონასტრიდან თბილისში ჩამოიტანა ერთ-ერთი უძველესი ქართული ხელნაწერი, რომელიც ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუში ინახება ( A-1109). ა. შანიძემ დაძებნა ამ ხელნაწერის ზოგი ფრაგმენტიც: ერთი ფურცელი ცალკე ნომრად იყო დაცული საეკლესიო მუზეუმის ფონდებში ( N-713), რვა ფურცელი ინახებოდა ა. გრენის კოლექციაში ( H-2097), მაგრამ ხელნაწერს მაინც ბევრი აკლია.

ხელნაწერი ამჟამად 178 ფურცელს შეიცავს, ნაწერია ეტრატზე ასომთავრულად. მოღწეული ნაწილის ზოგი ფრაგმენტი ძნელად ან საერთოდ არ იკითხება.

( A-1109) უძველესია იმ ხელნაწერთა შორის, რომელთაც შემოგვინახეს იოვანე საბანისძის "აბოს წამების" ტექსტი ( 7r-13v). ამწუხაროდ, ხელნაწერის ეს მონაკვეთიც დაზიანებულია.




პარხლის მრავალთავი

პარხლის მრავალთავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ქართული მწერლობისა. იგი შეიცავს 658 ფურცელს, ნაწერია ეტრატზე ნუსხურად. ხელნაწერი უთარიღოა, ამიტომ ძეგლის გადაწერის შესახებ სამაცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა. თ. ჟორდანია ფიქრობდა, რომ იგი X საუკუნისაა, კ. კეკელიძისა და ილ. აბულაძის აზრით, ხელნაწერი XI საუკუნეში უნდა იყოს გადაწერილი; როგორც მ. ვან ესბროკმა გაარკვია, პარხლის მრავალთავი შედგება ორი ხელნაწერისაგან, რომლებიც ხელოვნურად არის შეერთებული და გადაწერილი უნდა იყოს X საუკუნეში.

ამ ძეგლის დიდი მნიშვნელობა იმითაც არის შეპირობებული, რომ მან შემოგვინახა იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამების" ჩვენამდე მოღწეული უძველესი ტექსტი. სამწუხაროდ, ხელნაწერს აქ აკლია თითქმის მესამედი. ამავე ხელნაწერში გვხვდება "აბოს წამება", აგრეთვე მრავალი სხვა თხზულება.

ხელნაწერი XV საუკუნემდე პარხლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას ეკუთვნოდა, შემდეგ თურქთა ტყვეობაში მოხვედრილა, XVII საუკუნეში იგი დაუხსნია მარიამ დედოფალს და დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ინახებოდა. ამჟამად პარხლის მრავალთავი ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ( A-95).



ჭილ-ეტრატის იადგარი

ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ერთი მეტად საყურადღებო ძეგლი, რომელსაც ჭილ-ეტრატის იადგარს უწოდებენ: ხელნაწერის ერთი ნაწილი დაწერილია ჭილზე, ხოლო ნაწილი ეტრატზე.

ხელნაწერი შეიცავს 313 ფურცელს, ვარაუდობენ, რომ დაკარგულია 27 ფურცელი. ტექსტი ერთ პირს გადაუწერია. ა. შანიძის ვარაუდით, გადამწერია იოვანე, რომლის მინაწერი ხელნაწერის პირველ ფურცელზე იკითხება: "ღმერთო, შეიწყალე იოვანე, ამენ".

ძეგლი დაწერილია ასომთავრულიდან ნუსხურისაკენ გარდამავალი ხელით. ხელნაწერი შეიქმნა პალესტინაში. გადაწერის დროის თაობაზე სპეციალისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ როგორც პალეოგრაფიული, ისე ენობრივი ნიშნებით იგი X საუკუნის ძეგლი უნდა იყოს.




SIN 34 (ლიტურგიკული ენციკლოპედია)

უძველესი იადგარი შეტანილია ერთ-ერთ მეტად საინტერესო ხელნაწერში, რომელიც ინახება სინას მთაზე, ეკატერინეს სახელობის მონასტერში. ამ ხელნაწერს კ. კეკელიძემ "ლიტურგიკული ენციკლოპედია" უწოდა. მასში გარდა იადგარისა, შესულია აგრეთვე "ჟამნი", საეკლესიო კალენდარი, კითხვა-მიგებანი, ასტროლოგიური ცნობები და სხვ.

ხელნაწერი შეუდგენია იოვანე ზოსიმეს. იგი შეიცავს 210 ფურცელს, ნაწერია ტყავსა და ქაღალდზე ასომთავრულად და ნუსხურად. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ხელნაწერში გვხვდება მხედრულისაკენ გარდამავალი ნუსხური.

ხელნაწერში უხვად მოიპოვება იოვანე-ზოსიმეს (კრებულის რედაქტორი) კომენტარები, გვხვდება მრავალი ანდერძ-მინაწერი. ერთ-ერთი ანდერძის მიხედვით ირკვევა ძეგლის დასრულებისა და მისი შემოსვის თარიღი: "დაიწერა და განსრულდა და შეიმოსა წმიდაჲ ესე იადგარი იერუსალემსა უდაბნოსა ლავრასა შინა დიდსა წმიდისა საბაჲსსა ჴელითა იოვანე შეცდომილისაჲთა დღეთა იოვანე კურთხეულისა პატრიარქისათა დასაბამისგანთა წელსა ქართულთა ხფჲთ, ქრონიკონი იყო რპე." როგორც ამ ანდერძიდან ირკვევა, ძეგლის დასრულებისა და შემოსვის თარიღია 965 წ. (ხფჲთ=6569; 6569-5604=965 წ; რპე=185; 780+185=965წ.).




შატბერდის კრებული

1882 წელს დიმიტრი ალექსის-ძე მესხიშვილმა შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რამდენიმე ხელნაწერი. მათ შორის განსაკუთრებით ძვირფასია X საუკუნის ხელნაწერი, რომელსაც ე. თაყაიშვილმა "შატბერდის კრებული" უწოდა, რადგან "ის თავის შინაარსით წარმოგვიდგენს კრებას სხვადასხვა ნაწერებისას... ის გადაწერილია შატბერდის მონასტერში და შეწირულია ამავე მონასტრისათვის". ხელნაწერი ეკუთვნოდა დავით რექტორს, რომელსაც იგი უჩუქებია თავისი ძმიშვილის - დიმიტრი მესხიშვილისათვის.

ძეგლი ამჟამად დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ( S-1141), შეიცავს 286 ფურცელს. ხელნაწერის ერთი ნაწილი ასომთავრულით არის დაწერილი, ნაწილი - ნუსხურად. ასომთავრული ტექსტი იოვანე ბერამ გადაწერა, მასვე დაუწერია ნუსხურად 215, 248 და 285 ფურცლები. სხვა ორი გადამწერის ვინაობა უცნობია.

"შატბერდის კრებული" გადაწერილია X საუკუნის 70-იან წლებში. წიგნი შეუმოსავთ XI საუკუნის დასაწყისში.




"ქართლის ცხოვრების" ზოგი ხელნაწერი

საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი წყაროა "ქართლის ცხოვრება", რომელშიც ასახულია ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნემდე. "ქართლის ცხოვრება" ჩვენამდე მოღწეულია 16 ხელნაწერით. "ქართლის ცხოვრების უძველესი ხელნაწერია ე. წ. ანასეული ნუსხა (ხელნაწერის ინსტიტუტის Q-795), რომელიც 1913 წელს აღმოაჩინა ივ. ჯავახიშვილმა. იგი შეიცავს 470 გვერდს, დაწერილია მხედრულად. ხელნაწერის მომგებელნი არიან დედოფალთ-დედოფალი ნესტან-დარეჯან, მისი ვაჟი - ალექსანდრე და ანა დედოფალი.

ივ. ჯავახიშვილს ანასეული ხელნაწერი XV საუკუნის ბოლოს, 1479-1495 წწ-ში გადაწერილად მიაჩნდა. უკანასკნელ ხანებში ამ ხელნაწერს XVI-XVII სს-თა მიჯნით ათარიღებენ.

მარიამისეული ხელნაწერი ( s-30) 470 ფურცელს შეიცავს, დაწერილია რამდენიმე პირის მიერ მხედრულად. ხელნაწერი ხელთ ჰქონია ვახტანგ VI-ს. იგი სამეცნიერო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა 1884 წლიდან. მარიამისეული ნუსხა პირველად გამოსცა 1906 წელს ე. თაყაიშვილმა.

1923 წელს ივ. ჯავახიშვილმა აღმოაჩინა "ქართლის ცხოვრების" ე. წ. ჭალაშვილისეული ნუსხა, რომელიც ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ( Q-207). იგი შეიცავს 614 ფურცელს, ნაწერია ქაღალდზე მხედრულად. ხელნაწერი ორი ნაწილისაგან შედგება. მისი დასაწყისი და ბოლო 1731 წელს გადაუწერია ერაჯ ჭალაშვილს, ხოლო შუა ნაწილი გადაწერილია XVI-XVII საუკუნეთა ხელით.

1959 წელს აკაკი კლიმიაშვილმა იმერეთში, სოფელ პატარა ხონში, ოლღა მაჭავარიანის ოჯახში იპოვა "ქართლის ცხოვრების" მანამდე უცნობი ხელნაწერი, რომელიც სვეტიცხოვლის კუთვნილი "ქართლის ცხოვრების" ასლს წარმოადგენს. მცხეთური "ქართლის ცხოვრება" მოიხსენიება 1564 წლის საბუთში. ხელნაწერი ნუსხური ანბანით არის გადაწერილი, დაზიანებულია, აკლია დასაწყისი და ბოლო ფურცლები. ძეგლი გადაწერილია 1697 წ. იგი დაკარგულად ითვლებოდა. ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში.




"ვეფხისტყაოსნის" 1646 წლის ხელნაწერი

"ვეფხისტყაოსანი" ჩვენამდე მრავალი ხელნაწერითაა მოღწეული (ხელნაწერთა რიცხვი 160-ს აჭარბებს). სამწუხაროდ, დღეისათვის დაკარგულად ითვლება პოემის უძველესი ხელნაწერები. შემოგვრჩა მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები და მინაწერები XV საუკუნიდან.

ჯერჯერობით ცნობილ ხელნაწერებს შორის ყველაზე ადრინდელად ითვლება 1646 წ. მამუკა თავაქარაშვილის გადაწერილი ნუსხა (ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში H-599). იგი შეიცავს 267 ფურცელს, ნაწერია მხედრულად. პოემის ტექსტი სამეგრელოს მთავრის ლევანII-ის დაკვეთით გადაუწერია მამუკას, რომელიც სამეგრელოს მთავრის ტყვე ყოფილა. მასვე მოუხატავს ხელნაწერი.

წყაროები:

კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.