ARMAZI არმაზი ARMAZI

ძველი ქართული წარწერები

(ზოგადი მიმოხილვა)


საქართველოს ისტორიის კვლევისას ეპიგრაფიკულ მასალას უდიდესი, ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სრულიად განსაკუთრებულია წარწერების მონაცემთა მნიშვნელობა ძველი ქართული ენის, ზოგადად, ქართული ენის ისტორიის შესასწავლად. ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები შემონახულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ჩრ. კავკასია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, პალესტინა, ბულგარეთი).

ეპიგრაფიკული ძეგლები ოთხ ჯგეფად იყოფა: ლაპიდარული (ლატ. lapidarius "ქვის მთლელი, ქვაზე ამომჭრელი"), მოზაიკური, ჭედური და ფრესკული. მათ შორის უძველესია ლაპიდარული წარწერები.

ლაპიდარული წარწერები გვხვდება ეკლესიათა კედლებზე, უკვარცხლბეკო ქვა-ჯვრებზე, ქვა-ჯვრების კვარცხლბეკებზე, საფლავთა ქვებსა და სარკოფაგებზე, ცალკეულ ქვის ფილებზე.

შინაარსის მიხედვით წარწერა შეიძლება იყოს:
ა) საამშენებლო,
ბ) ქტიტორთა, სასულიერო და საერო ხელისუფალთა, მლოცველთა, შემწირველთა, ხელოსანთა... მოსახსენებელი;
გ) იურიდიული დოკუმენტი.

ლაპიდარული წარწერები, დამწერლობის ხასიათის მიხედვით, ასე ჯგუფდება:
ა) რელიეფური (V-XI სს.); უძველესი ლაპიდარული წარწერები (V-VI სს.) მხოლოდ რელიეფური დამწერლობითაა შესრულებული;
ბ) ამოღარული (ჩაჭრილი) - ჩანს VII საუკუნიდან;
გ) კიდურწერტილოვანი (X ს.);
დ) კიდურწაისრული (X ს.);

უძველეს ქართულ წარწერებში განკვეთილობის ნიშნები არ იხმარება, სიტყვები ერთმანეთისაგან არ გამოიყოფა. სიტყვათა გამოცალკევება და განკვეთილობის ნიშნების ხმარება დაიწყეს IX საუკუნიდან. ეს წესი მტკიცედ დამკვიდრდა XI საუკუნიდან.

ქარაგმას (სიტყვათა შემოკლების ნიშანს) უძველეს წერილობით ძეგლებში ვადასტურებთ, თუმცა საკმაოდ ხშირად სიტყვა შემოკლებულია, ქარაგმის ნიშანი კი არ არის წარმოდგენილი.

წარწერის დასაწყისში საკმაოდ ხშირია ტექსტის დაწყების აღმნიშვნელი სიმბოლო - პატარა ჯვარი (+), რომელიც ბერძნულის ზეგავლენით შემოიღეს ქართულში.




წყაროები:

კ. დანელია, ძველი ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები, თბილისი, 1983.

გ. ოთხმეზური, XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო, თბილისი, 1981.

ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997.

ქართული წარწერების კორპუსი, ტ. I, გამოსცა ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1980.

ქართული წარწერების კორპუსი, ტ. II, გამოსცა ვ. სილოგავამ, თბილისი, 1980.

ლ. ქაჯაია, ორი ტექნიკური ნიშანი ძველ ქართულ ხელნაწერებში: პალეოგრაფიული ძიებანი, II, თბილისი, 1969.

ივ. ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1949.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.