| ARMAZI | არმაზი | ARMAZI |
იმერული კილო ქართული ენის კილოთა შორის ქართლურის შემდეგ ყველაზე დიდი დიალექტური ერთეულია. იმერული დიალექტის თავისებურებათა შესწავლისათვის ამ დიალექტის მატარებელთა ისტორიული წარსულის სხვადასხვა ასპექტი არის გასათვალისწინებელი:
1. იმერეთი ქართველი ერის ისტორიის ბედუკუღმართობის გამო სხვადასხვა გარემოცვაში იყო მოქცეული: ხან საქართველოს გაერთიანების ცენტრი იყო, ხან ნაწილობრივ შედიოდა ქართლის სამეფოში, ხან კი ცალკე სამეფოდ იყო გამოყოფილი.
2. იმერეთი ყოველთვის ცხოველ მონაწილეობას იღებდა საქართველოს კულტურულ განვითარებაში. ლინგვისტური თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანის გელათის აკადემიისა და იოანე პეტრიწის მოღვაწეობა.
3. ჩვენამდე მოღწეულია იმერეთში XV-XVIII საუკუნეებში შედგენილი საეკლესიო და სამოქალაქო საბუთები, სადაც დაცულია იმერულისათვის დამახასიათებელი ფონეტიკურ-გრამატიკული მოვლენები.
4. იმერეთის ტოპონიმურ ერთეულთა და გვართა ანალიზი გვავარაუდებინებს, რომ ქვემო იმერეთის ტერიტორია დასახლებული უნდა ყოფილიყო ზანური ტომებით.
5. იმერული საქართველოს შუაგულშია გავრცელებული და სხვა დიალექტთა გარემოცვაში მოქცეული, ბუნებრივია, განიცდის მათ გავლენას.
იმერული დიალექტის გავრცელების არე ფართოა: აღმოსავლეთით მას საზღვრავს ქართლი, რომლისგანაც იმერეთს ყოფს ლიხის მთა და დასავლეთით სამეგრელო, რომლისგანაც ის მდ. ცხენისწყლით არის გამიჯნული. იმერულში გამოიყოფა ორი კილოკავი: ზემოიმერული და ქვემოიმერული. ზემოიმერული კილოკავი მოიცავს ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონისა და ნაწილობრივ ბაღდათის რაიონის მოსახლეობის მეტყველებას, ხოლო ქვემოიმერული კილოკავი გავრცელებულია თერჯოლის, ვანის, ტყიბულის, ხონის, წყალტუბოს, სამტრედიისა და ნაწილობრივ აბაშის რაიონის სოფლებში.
წყაროები:
ვლ. ფანჩვიძე, ქართული ენის იმერული კილო (საკანდიდატო დისერტაცია), ტფილისი, 1938.
ვლ. ფანჩვიძე, მრავლობითი რიცხვის აღნიშვნისათვის ზმნაში იმერული კილოს მიხედვით, საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე, ტ. VI, 10, თბილისი, 1945.
ქ. ძოწენიძე, ზემოიმერული კილოკავი, ალ. წულუკიძის სახ. ქუთაისის სახ. ინსტიტუტის შრომები, ტ. XI, ქუთაისი, 1952.
ქ. ძოწენიძე, ზემოიმერული კილოკავის ძირითადი თავისებურებანი, ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. XVII, ქუთაისი, 1957.
ლ. ლეჟავა, ზემოიმერულის მასალები ერთი სოფლის მცხოვრებთა მეტყველების მიხედვით, იკე, ტ. IX-X, თბილისი, 1958.
შ. ძიძიგური, იმერული დიალექტი, ძიებანი ქართული დიალექტოლოგიიდან, თბილისი, 1954.
პ. გაჩეჩილაძე, იმერული დიალექტის ხანურ-ზეგნური მეტყველება, იკე, ტ. VIII, თბილისი, 1956.
ქ. ძოწენიძე, ქვემოიმერულის უხუთური მეტყველება, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. VIII, ქუთაისი, 1948.
ო. კახაძე, ოკრიბულის თავისებურებანი, იკე, ტ. VI, თბილისი, 1954.
ო. კახაძე, ა-ზე დაბოლოებული ზოგიერთი სახელის ბრუნებისათვის ქვემოიმერულში, იკე, ტ. V, თბილისი, 1953.
ც. აბულაძე, ქვემოიმერულის თავისებურებანი სოფელ როკითის მეტყველების მიხედვით, სტალინის სახ. თსუ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებული, 7, თბილისი, 1955.
პ. გაჩეჩილაძე, მებადურთა მისალმების ფორმულა ხანისწყლის ხეობაში, სტალინის სახ. თსუ შრომები, XXIX ბ, თბილისი, 1946.
შ. ძიძიგური, ქართული ისტორიული დიალექტოლოგიის საკითხები, ძიებანი ქართული დიალექტოლოგიიდან, თბილისი, 1954.
ბ. წერეთელი, ზემოიმერული ლექსიკონი, ქართველურ ენათა ლექსიკა, I, ვ. ბერიძის რედაქციით, თბილისი, 1938.
მ. ალავიძე, ოკრიბული ლექსიკონი, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. X, ქუთაისი, 1950-51.
პ. ჯაჯანიძე, მასალები იმერული კილოს ლექსიკონისათვის, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. IX, ქუთაისი, 1949; ტ. X, ქუთაისი, 1950-51.
ზ. ჭუმბურიძე, მასალები პურეულის სექსიკისათვის ქვემო იმერეთში, სტალინის სახ. თსუ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებული, III, თბილისი, 1948.
ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.
Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.
საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.