ARMAZI | არმაზი | ARMAZI |
ჯავახური, თავისი ბგერითი შემადგენლობით, ფონეტიკური პროცესებით, ზოგიერთი მორფოლოგიური თავისებურებითა და ლექსიკაში გვიან შემოსული თურქულ-არაბული სიტყვებით, ცალკე მდგომ კილოს წარმოადგენს. ჯავახეთი საქართველოს ისტორიული ნაწილია. ქართული მატიანის ცნობით ჯავახეთი, კოლა და არტაანი ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში ერთ-ერთ სამხედრო-ადმინისტრაციულ ოლქს შეადგენდა. IX-X საუკუნეში ჯავახეთი ტაო-კლარჯეთის სამეფოს ნაწილია. XI საუკუნეში ახალქალაქი ითვლება ქალაქად, XII საუკუნეში მას ემატება დავით აღმაშენებლის ხელშეწყობით ქალაქად ქცეული ბარალეთი. ჩვენამდე ნანგრევებად მოღწეული ციხეები და იშვიათი ხელოვნებით ნაგები თუ კლდეში გამოკვეთილი ტაძრები და სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლები უტყუარი მოწმეა იმისა, თუ რა მაღალ დონეზე იდგა კულტურა საქართველოს ამ მხარეში.
საქართველოს სხვა კუთხეებივით ჯავახეთი არაერთგზის ყოფილა შემოსეულ მტერთა თუ შინააშლილობის გამო გამართული ბრძოლის ასპარეზი; 914 წელს იგი არაბთა დიდი ჯარით მოსულმა ხალიფას სარდალმა მოაოხრა; 1021 წელს ბიზანტიის კეისარმა დიდძალი ლაშქრით გადმოლახა და წალეკა; XI საუკუნის II ნახევარში თურქ-სელჩუკებმა ახალქალაქი გაძარცვეს და ხალხი ამოწყვიტეს; XIII საუკუნეში მონღოლებმა ჯავახეთს სალაშქრო მოვალეობა და დიდი ხარკის გაღება დააკისრეს; XIV საუკუნეში თემურ-ლენგმა პირველად ჯავახეთი დალაშქრა და შემდეგ თბილისს მოადგა. ბოლოს, XVI საუკუნეში ოსმალო თურქებმა სამცხესთან ერთად საქართველოს მოგლიჯეს და გაანადგურეს. 1595 წელს შედგენილი საგადასახადო წიგნიდან ("გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი") ჩანს, რომ " ახალქალაქი თითქმის გაუკაცრიელებულია, ჯავახეთის 84 სოფელი გაპარტახებულია და მოსახლეობის გარეშეა დარჩენილი". ჯავახეთის ისტორიის ეს ფურცლები უთუოდ გასათვალისწინებელია, რამდენადაც ენაში ყოველთვის აისახება მის მატარებელთა ისტორია.
ჯავახური კილო გავრცელებულია საქართველოს სამხრეთ ნაწილში, ჯავახეთში; იგი მთაგორიან ზეგანს წარმოადგენს და ზღვის დონიდან 1600-2000 მ. მდებარეობს. მას ესაზღვრება დასავლეთით - ასპინძის, ჩრდილოეთით - ბორჯომის, აღმოსავლეთით - წალკისა და დმანისის რაიონები, სამხრეთ-აღმოსავლეთით - სომხეთი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით - თურქეთი.
ჯავახეთის 390 სოფლიდან 80 დასახლებულია, 310 კი ნასოფლარად არის ქცეული. ამ 80 სოფელშიც 17 სოფელი ქართველებითაა დასახლებული, დანარჩენი - სომხებით. მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ კოთელიაში, ხიზაბავრაში, საროში, ქილდაში, ჩუნჩხაში, გოგაშენში, პრტენში, ვარგავში, თოკში, ხოსპიოში, აფნიასა და ბალანთაში. ნახევრად ქართული მოსახლეობაა ჭიხარულაში, ბარალეთში, ვარევანში, მურჯახეთსა და გოკიოში. დასახელებული სოფლებიდან ხიზაბავრა, თოკი, სარო და ვარგავი ასპინძის რაიონში შედის, ბალანთა და ჭიხარულა - ბორჯომის, დანარჩენი კი ახალქალაქის რაიონს განეკუთვნება.
წყაროები:
ს. მაკალათია, მესხეთ-ჯავახეთი, თბილისი, 1938
ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, თბილისი, 1958.
ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.
არ. მარტიროსოვი, ჯავახურის მესხურთან მიმართების საკითხისათვის, პუშკინის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. VIII, თბილისი, 1950.
არ. მარტიროსოვი, ქართული ენის ჯავახური დიალექტი, თბილისი, 1984.
გრ. ბერიძე, ქართული ენის ჯავახური კილო, თბილისი, 1988.
Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.
საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.