ARMAZI არმაზი ARMAZI

ქართველური ენები

ქართული ენის თუშური დიალექტი

ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ერთ-ერთ წყაროს თუშური დიალექტი წარმოადგენს, რომელიც მდიდარია ძველი და ახალი ლექსიკური ფორმებითა და ენობრივი მოვლენებით. თუშურის ლექსიკაში უფრო მეტადაა დამოწმებული ძველი ქართული ენის ლექსიკის ერთეულები, ვიდრე რომელიმე სხვა დიალექტში. თუშური იმითაც არის საყურადღებო, რომ მასში დღემდე დაცულია ქართველი ერის მატერიალური კულტურის სხვადასხვა დარგის - ტანსაცმლის, იარაღის, ზომა-წონისა და სხვათა სახელწოდებები, ღვთაებათა, დღეთა უძველესი სახელები, რომლებიც დღეს ქართულში გაუჩინარებულია. განსაკუთრებით საინტერესოა მეცხვარეობასთან დაკავშირებული ლექსიკა, რომელიც უხვად შემოგვინახა თუშურმა.

გავრცელების არე

თუშური დიალექტი გავრცელებულია მთა-თუშეთში. მისი საზღვრები ჯერ კიდევ ვახუშტის ჰქონდა დადგენილი თავის გეოგრაფიაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა". აღმოსავლეთით თუშეთს აკრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავ-ხევსურეთი, ჩრდილოეთით ქისტეთი და სამხრეთით კახეთი.

თუშეთი მოქცეულია გომეწრისა და პირიქითა ალაზნის აუზში. ძველად იგი შედგებოდა ოთხი თემისაგან: ჩაღმის, გომეწრისა, პირიქითა თუშეთისა და წოვათასაგან.

ჩაღმის სოფლებია: ომალო, შენაქო, დიკლო, ქუმელაურთა, აგევრთა. ჩაღმის ცალკე კუთხეა ჭანჭახოვანი, რომლის სოფლებია: ხახაბო, ხისუ, შტროლთა, ჩიგლაურთა, ჟველურთა, ცოკალთა, ნაციხარი.
გომეწრის სოფლებია: დადიკურთა, კოკლათა, ბიქიურთა, გუდანთა, ილურთა, ვერხოანი, ჯვარბოსელი, ალისგორა, ვეძისხევი, ვაკისძირი, ბეღელაყი, დოჭო, ბოჭორნა.
პირიქითას სოფლებია: დართლო, ჩიღო, კვავლო, დანო, ჭეშო, ჭონთოი, ფარსმა, დაქივრთა, გირევი.
რაც შეეხება მეოთხე თემს წოვათას, იგი დიდი ხანია გაუქმებულია. მისი მცხოვრებნი - წოვა-თუშები ანუ ბაცბები 18 საუკუნეშივე ალვანში იხსენიებიან მეფე თეიმურაზ II-ის დროს. ალ. ხახანაშვილი ასახელებს ხუთ ნასოფლარს წოვათადან: ეთელტა, საგირთა, წარო, ინდურთა და მიზართა.

თუშების მცირე ნაწილი დღესაც მთაში ცხოვრობს, დიდი ნაწილი კი ბარში გადასახლდა და დამკვიდრდა ახმეტის რაიონის სოფლებში - ზემო და ქვემო ალვანში, აგრეთვე ლალისყურში.




წყაროები:
ს. მაკალათია, თუშეთი, ტფილისი, 1933.
ს. მაკალათია, თუშური ლექსები, ტფილისი, 1937.
ა. შანიძე, სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში, კრებულში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1957.
ა. შანიძე, ქართული კილოები მთაში, კრებულში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1957.
თ. უთურგაიძე, ქართული ენის თუშური დიალექტი, (საკანდიდატო დისერტაცია), თბილისი, 1954.
პ. ხუბუტია, თუშური კილო, თბილისი, 1969.
ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.











მეცხვარეობასთან დაკავშირებული ლექსიკა

მეცხვარის ბინა ანუ ქოხი დროებითი სახელდახელოდ გაკეთებული ნაგებობაა, ვინაიდან ცხვრის საძოვარი ადგილების მონაცვლეობასთან დაკავშირებით ისიც მონაცვლეა. ცხვრის ნადგომ ადგილს ნაბინავარი ეწოდება.

ამ ნაგებობის კედლები შეიძლება იყოს ხის, ქვის ან კიდევ ტალახშელესილი წნულისა. სახურავად გამოყენებულია ფართო ბრტყელი ქვა, რომელსაც სიპი ეწოდება; ხურავენ აგრეთვე ყარტით, ბორტვით (ბელტი მიწისა). ქოხში გამართულია გასწვრივი ტახტები, რომელთაც მეხიები ეწოდება: კედლების ახლოს მოწაში ჩარჭობილია ორკაპა მსხვილი ჯოხები, რომლებზედაც გარდიგარდმო გადებულია წვრილი ხეები; ხეებზე დაგებულია ლასტები და ნაბდები, მათზე მწყემსები იძინებენ.

ცალკეა საყველე ქოხი. ყველის დასალაგებელ ადგილზე დაფენილია არყის ხის ფოთლებიანი წიწკები, რომლებზედაც ოთხ მწკრივად აწყვია ყველიანი გუდები. ყოველი პატრონის გუდას სათანადო ნიშანი აქვს: გუდას შებმული აქვს ხის ფირფიტა, რომელზედაც აღნიშნულია ყველის პატრონის გვარი და სახელი, აგრეთვე წონა.

გუდაში ასხამენ წაქას, რომელიც მზადდება შრატისა და მარილის ნარევისაგან. ასეთი ნარევი ყველს ამაგრებს და კარგადაც ინახავს. როცა წაქას გუდაში ჩაასხამენ, გუდას თავს მაგრად უკრავენ ქანჩით. ყველიან გუდას 3-4 დღეში ერთხელ გადააბრუნებენ, შეატრიალებენ, რომ წაქამ გუდა არ გააფუჭოს, ამასთან, ყველს სითხე კარგად გაუჯდეს.

შემოდგომაზე ცხვარს მიერეკებიან შირაქში, შირვანსა და სამუხში. ცხვრის გარეკვამდე წინასწარ მიდიან დასახელებულ ადგილებში საძოვრების დასათვალიერებლად. უკან დაბრუნებულ მეცხვარეს ჰკითხავენ: როგორი ბალახიაო. თუ ის ჩვეულებრივი სიმაღლისაა და ლურჯნარევი, დაბრუნებული უპასუხებს კარგიაო. თუკი ბალახი მაღალია, ატეხილია, მაშინ ეტყვის: ძალიან ლიხობააო. მაღლა ატეხილ ბალახს ლიხი ეწოდება. ლიხი ბალახი ცხვრის საკვებად მავნებელი არ არის, მაგრამ ძოვების დროს მოძრაობის გამო ცხვარს მატყლს აცლის, რასაც ღვერვა ეწოდება. ლიხი ბალახი ცხვარს ღვერავს.

დოლობა

დოლობა, ანუ ბატკნის მოგება იწყება თებერვლის შუა რიცხვებიდან და თითქმის ერთი თვე გრძელდება. სადოლე ცხვარი განცალკევებულია. დოლობისათვის გამოყენებულია ფარეხი, რომელიც გვერდებამოწნული და დაბალი შენობაა. ამოწნულ გვერდებზე მიწაა მიყრილი. ამ დაბალი შენობის სახურავზე აქა-იქ ამოჭრილია სათვალეები სინათლისათვის. სათვალეებს კიდევ სანათურები ეწოდება. ფარეხის სახურავზე წვანან ძაღლები, რომლებიც ნადირისაგან იცავენ ფარეხს.

ბატკანმოგებულ დედას აძოვებენ ბინის ახლოს საგანგებოდ დაცულ ბალახში. ასეთ ადგილს ყორუღი ჰქვია. მოგებიდან 2-3 დღის განმავლობაში ბატკანს ქორფა ჰქვია. მთელი ფარა ბატკანს ერთსა და იმავე დროს არ იგებს. ამიტომ ქორფებს დედებთან ერთად ამწყვდევენ ცალკე შენობაში, რომელსაც საქორფე ეწოდება. 4-5 დღის ბატკანს ღამით აცილებენ დედას. ამას ასხლეტა ჰქვია. დილით, დედა ცხვრის ბალახზე გარეკვამდის, ბატკანს მიუშვებენ დედასთან საწოვრად. ამას დარევა ჰქვია. მერე ისევ ასხლეტენ და დედა ცხვარს საძოვარზე გარეკავენ. ასხლეტილ ბატკანს ღამით აყენებენ ჭალურებში. ჭალური ფარდულისებური დაბალი შენობაა. ჭალურში ამოთხრილია პატარ-პატარა ორმოები, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია პატარა არხებით. ამ ორმოებში გროვდება ბატკნის შარდი, რომ ბატკანი არ დასველდეს და არ შეწუხდეს. ჭალურში აგებენ წვრილ ხეებს, რომლებზეც ყრიან შემოდგომის მაღალღეროიან ბალახს, რომელსაც კაჭახი ჰქვია; უკეთესია, რა თქმა უნდა, ჭარულის დაგება ყარღოთი, რომელიც ჭაობის მაღალღეროიანი, მრგვალი, უგულო მცენარეა. შარდი მასზე ცურდება და ადვილად ჩადის ორმოებში. ბატკნის და ცხვრის განავალი, რასაც ქურთი ეწოდება, სისტემატურად იწმინდება.

დედა-შვილის დარევაში დიდ როლს თამაშობს მცნობი, ე. ი. პიროვნება, რომელიც დედა-ცხვარსა და მის შვილს ცნობს. მცნობი ორნაირია: ერთი, რომელიც შეჩვევით ცნობს დედა-შვილს, მეორე კი იერით არჩევს მათ.

გაზაფხულზე ცხვარი ამოდის მთაში. ამოსვლის შემდეგ ამინდის მიხედვით წარმოებს ბატკნის დარჩევა. ბატკნის გადარჩევის შემდეგ მას მირეკავენ საცხვრე მთის წვერზე, სადაც ის ბოლომდის რჩება. მათ თან მისდევს ერთი ან ორი მებატკნე და ძაღლი. ძაღლი დღისით მებატკნის ჯირას, ანუ საკვებს ყარაულობს, ღამით კი - ბატკანს. მებატკნეებიდან კვირაში ერთხელ ერთ-ერთი გადადის ბინაში, სოფელში და გადმოაქვს ჯირა და მარილი. ბატკანი ხშირად ხაშლდება და ამ დროს ძალიან ეტანება მარილს.

წველისას რძეს ასხამენ კოდში, რომელშიც ჩადგმულია ჩხლაკვის გოდორი. გოდორში ჩაფენილია ჭინჭრის დედა, მჩადა*ის ფოთლები, რომ რძე ქურთისაგან გაიწუროს, გაიწმინდოს. წველის დამთავრების შემდეგ სარქალი, ანუ მთავარი მწყემსი რძეში უშვებს შაბოშს (დვრიტა, კვეთი, დედა) დაახლოებით თითო კასრზე 50 გრ. შაბოშნაქნარ რძეს დააყოვნებს ნახევარ საათამდის, შემდეგ კი დაურევს. სწორედ ამ მომენტში შაბოშნაქნარ რძეს დელამო ეწოდება. აქედან 10-15 წუთის შემდეგ იღებენ ყველს. ამოღებული ყველი იწურება ტილოს პარკებში და შიგვე კეთდება ყველის ფორმაზე. ზოგჯერ ყველს საგანგებოდ დააყოვნებენ და შემდეგ აზელენ. ასეთ ყველს ჩოგი ეწოდება. ყველის ნარჩენს კი შრატი ჰქვია, რომლისგანაც მზადდება კალტი.

ცხვრის პარსვა

ცხვრის პარსვა იწყება 20-25 ივლისიდან და გრძელდება თვის ბოლომდის. ერთი ბატკნის ნაპარსს ეწოდება კრაველი, ერთი ცხვრის ნაპარსს კი ნაპარსი. გაპარსულ კრაველს გრძლად (1 მეტრის სიგრძით) დაახვევენ და გამოსკვნიან, როგორც ცხენის ძუას. ასეთ ნაპარსებს აწყობენ ცხენის ტომრებში, რომლებსაც ბარდანა-ბარდანაყები ეწოდება. გაზაფხულის ნაპარსს რისვი ჰქვია. რისვი დაბალი ხარისხისაა. რისვებში ქველაზე კარგია თოხლის მატყლი; საზოგადოდ კარგია შემოდგომის მატყლი, რომელსაც შემოდგომის ნაპარსი ჰქვია.




მატერიალური კულტურის სხვადასხვა დარგის ლექსიკა

თუშურმა დიალექტმა შემოგვინახა უამრავი ფორმები მატერიალური კულტურის სხვადასხვა დარგის ლექსიკიდან. თუშურის ლექსიკაში უფრო მეტადაა დამოწმებული ძველი ქართული ენის ლექსიკის ერთეულები, ვიდრე რომელიმე სხვა დიალექტში. მასში დღემდე დაცულია ქართველი ერის მატერიალური კულტურის სხვადასხვა დარგის - ტანსაცმლის, იარაღის, ზომა-წონისა და სხვათა სახელწოდებები.

ყაბაჩა / ჴაბაჩა - მამაკაცის სამოსელი თუშეთში. ივ. ჯავახიშვილი მის შესახებ წერს: "ყაბაჩა ძველად საქართველოშიც უხმარიათ, მაგრამ XII, XIII საუკუნის შემდეგ ამ სამოსელის სახელი ოდნავ ფონეტიკურად შეცვლილა და XIX ს-ში შენაზარდი -ს გაჩენის გამო ყაბარჩად ქცეულა... ხელმწიფის კარის გარიგებაშიც ყაბარჩა მამაკაცის სამოსელია... ის ფერადი ქსოვილისაგან იკერებოდა, მასთან იკერებოდა უტყაოდაც და ტყავიანიც".

ტყავკაბა ანუ დურა* ტყავი - პალტოსებურად შეკერილი ბეწვიანი ტყავი. ჩვეულებრივ პერანგზე ჩასაცმელი კაბის გარდა, სამოსელის ეს სახე "ვეფხისტყაოსანში" არის აღწერილი:

"მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა".

ხარალი - ხის ქერქი, რომელსაც საქსოვად ხმარობენ. ცაცხვის, ლაფანის და მსგავსთა ხის ქერქს დიდი ხნით წყალში დებენ, რის შედეგადაც ქერქი ძაფებად იშლება; ძველად ამ ძაფისაგან ქსოვდნენ კაბებს, გრეხდნენ თოკებს. ასეთ კაბებს ხარლის კაბები ერქვათ. შდრ. "ხრალი ესე არს, რაჲც ხის ქერქი დაიხევის და სფირიდად, ავრიტად და ნაჭედ და მისთანათად მოიქსოვების" (საბა); "ხის ისეთ ქერქს, რომელსაც მოსაქსოვად ხმარობენ, ქართულად ზოგად სახელად ხრალი ეწოდება" (ივ. ჯავახიშვილი).

თითი - საზომი ერთეული. თუშებს საზომ ერთეულად აქვთ "თითი". "ხუთი თითი გაშლილით" იზომება საქალამნე ტყავი, საბელი, ჩათო და სხვ.

ადლი - საზომი ერთეული; თუშეთში სიგრძით ერთ მეტრს უდრის. ძველად იხმარებოდა როგორც მიწის, ისე ფართლეულობის, საქონლისა ან საგნისათვის. "ადლის" ოდენობის შესახებ ცნობები გიულდენშტედტს მოეპოვება: "ადელი", მისი სიტყვებით, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ერთი ზომისა ყოფილა და ინგლისურ 3 ფუტსა და 5 დუიმს უდრიდა, ანუ მეტრული სისტემით 1, 0160 მეტრს.

გუდა - მთაში გამოყენებულია ერბოს, ყველის, კალტის შესანახად და საზომად: გუდა ყველი, გუდა ერბო და ა.შ.; არის საჭმლის გუდაც, რომელსაც საჭამია* გუდა ჰქვია; მომცრო გუდა ანუ ტიკჭორა კი არაყისთვისაა განკუთვნილი. შდრ. " გუდა ლიხთ იმერეთში ღვინისა და მარცვლეულობის საზომად იხსენიება" (ივ. ჯავახიშვილი).

სათარი - ხის მორი, უღელი ხარ-კამეჩის შემწეობით გათრევით წასაღები. შდრ. ვახტანგ მეფის დასტურლამაში გვხვდება შეშის საზომად: ბოლნისის გამოსაღების გარიგებაში ნაცვლის სარგოდ სხვათა შორის თითო სათარი შეშაც არის აღნიშნული. პ. უმიკაშვილს ამავე ძეგლის ლექსიკონში განმარტებული აქვს, რომ ეს ტერმინი "ერთის უღლის ხარით მოთრეულ შეშას აღნიშნავდა".

კოდი - თუშეთში მეტნაკლები სიდიდისაა, გამოიყენება სულადის, ლუდის, არყისა და მსგავსთა შესანახად. კოდის სიდიდის გამოსახატავად XVI-XVII სს. ძეგლებში ცნობები არ არის. ვახტანგ VI ცნობით კი, "ადგილია კოდი რვალიტრიანია, ადგილია ათი, იქნების რომე თორმეტლიტრიანიც იყოს".

კაბიწი - ფქვილის საწყაო ჯამი თუშეთში; აწყვისას თავს კონუსისებურად მოაბამენ. შდრ. "კახა ერისთავთ-ერისთავს რკონის 1259 წ. სიგელში ნაბრძანები აქვს: საზომ ღუნოისა და ფქვილისა ანუ სეფისკუერისა და ჭიქაი, კოკაი და კაბიჭი - ყუელაი გამოწყული იყოს და ეგრე წაიგებოდესო". (ივ. ჯავახიშვილი)

სანიჭარი - თუშეთში ეს სიტყვა გარდაცვალებულთან დაკავშირებით იხმარება: გარდაცვალებულის პატრონს ნათესავები ეხმარებიან ზოგი ფულით, ზოგი ყველით, ზოგი სულადით და ა. შ. ამ დახმარებას ეწოდება სანიჭარი. სამაგიეროდ სანიჭარში დამხმარეებს აძლევენ გარდაცვალებულის ტანისამოსს, თოფს, ხანჯალს, ნაბადს, ლოგინს, ცხენს, მათრახს. შდრ. "ქორწილის შესაწირავი ტანთსაცმელი, რომელსაც უწინ სანიჭარს უწოდებდნენ" (ივ. ჯავახიშვილი).

კოწოლი - კულულები. შდრ. შავთელის შედარება:

"ალვის ხეტანი,
მსგავსად შემტანი
აქვს კოწოლდაყრით
კვიპაროზისა"

ეჯიბი - იხმარება საქორწილო რიტუალთან დაკავშირებით: მეფე-დედოფალს ქორწილში ცალ-ცალკე ეჯიბები ჰყავთ. შდრ. "ქართული ეჯიბი არაბულ ჰაჯიბს უდრის. ეს სიტყვა არაბულად მეკარეს, მეკარეთუხუცესს, ცერემონმაჲსტერს ნიშნავდა... ეჯიბს დარბაზში შესვლის განსაკუთრებული უფლება აქვს და მეფისადმი მთხოვნელთა სურვილის მომხსენებელია; საყურადღებოა, რომ საქართველოში ეჯიბები მარტო მეფეს კი არ ჰყოლია, არამედ დიდებულ ხელისუფლებს და თვით დიდებულ მანდილოსნებს". (ივ. ჯავახიშვილი)

ქურო - მსხვილი ძაფისაგან ნაქსოვი ხელთათმანები თუშეთში. შდრ. "ქურო არს ორთავე ჴელთა შესაყოფი, ბეწვიანი, ფართო, სითბოსათჳს" (საბა).




წყაროები:
პ. ხუბუტია, თუშური კილო, თბილისი, 1969.
ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.
ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, III-IV, თბილისი,
ივ. ჯავახიშვილი, ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები,
ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, თბილისი,
სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა, თბილისი, 1994.
გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. II, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, თბილისი, 1964.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.