ARMAZI | არმაზი | ARMAZI |
არსებითი სახელი ჰქვია სიტყვას, რომელსაც საგნობრივი წარმოდგენა ახლავს: აღნიშნავს როგორც ფიზიკურ სამყაროში რეალურად არსებულ საგანს (ან მის ნაწილს), ისე გრამატიკული ნიშნების მიხედვით მასთან გათანაბრებულ სიტყვას, ან ასახელებს საზოგადოებრივი ცხოვრების რომელსამე მოვლენას.
ლექსიკური შინაარსის მიხედვით არსებით სახელებში გამოიყოფა სულიერთა და უსულოთა სახელები, ადამიანისა და არა-ადამიანის სახელები (ვინ ჯგუფისა და რა ჯგუფის), კონკრეტული და აბსტრაქტული, საკუთარი და საზოგადო, კრებითი და ნივთიერი სახელები.
სულიერი |
ეწოდება საკუთარი ძალით მოძრავ ცოცხალ არსებათ, როგორიცაა: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, თევზები, მწერები, ქვეწარმავლები... |
უსულო |
ეწოდება ისეთ საგნებს, რომელნიც მოკლებული არიან საკუთარი ძალით მოძრაობის უნარს: ხე, ქვა, ბალახი, ფიცარი, კალამი, სახლი, ბაღი და სხვ. |
კონკრეტული |
აღნიშნავს არსებას ან ისეთ ფიზიკურ ობიექტს, რომელსაც გრძნობათა ორგანოებით აღვიქვამთ: ბავშვი, დათვი, ქალაქი, ბგერა, სუნი და სხვ. |
აბსტრაქტული |
აღნიშნავს ისეთ რამეს, რომელსაც ნივთიერი სახე არ გააჩნია: სიცოცხლე, გულწრფელობა, სიმშვიდე... |
საკუთარი |
საკუთარია ისეთი სახელი, რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე საგანს: ქვეყანას, კუთხეს, ქალაქს, მდინარეს... მაგ. საქართველო, თბილისი, მტკვარი და ა.შ. |
საზოგადო |
საზოგადოა ისეთი სახელი, რომელიც აღნიშნავს არა ერთ გარკვეულ, არამედ მრავალ ერთგვარ საგანს, როგორიცაა: ხე, ბუჩქი, სოფელი და ა. შ. |
კრებითი |
კრებითია სახელი, რომელიც აღნიშნავს ადამიანთა, ცხოველთა ან ფრინველთა კრებულს, როგორიცაა: ხალხი, ერი, გუნდი, ჯოგი, ხროვა და სხვ. |
ნივთიერებათა |
საზოგადო სახელთაგან შეიძლება გამოვყოთ ნივთიერებათა სახელები: რკინა, ოქრო, ვერცხლი, ტყვია, წყალი, ღვინო და ა. შ. |
ზედსართავი ჰქვია ისეთ სიტყვას, რომელიც არსებითი სახელის რაიმე ნიშანს ასახელებს; მაგ. ქვა შეიძლება იყოს: დიდი, პატარა, შავი, სველი, ხავსიანი და ა. შ.
ზედსართავი სახელი შეიძლება იყოს ვითარებითი და მიმართებითი.
ვითარებითი |
ვითარებითია პირველადი ზედსართავი სახელი: დიდი, თეთრი, გრძელი, მწარე, წვრილი, ბრჭყვიალა... |
მიმართებითი |
მიმართებითია ზედსართავი სახელი, თუ საგნის ნიშანი, რომელსაც ზედსართავი გამოხატავს, სხვა საგანთან მიმართებაში არის ნაგულისხმევი; მაგ. დიდი/უდიდესი, ძლიერი/უძლიერესი და სხვ. |
რიცხვითი სახელი ჰქვია ისეთ სიტყვას, რომელიც რიცხობრივ წარმოდგენას გვაძლევს: საგანს განსაზღვრავს რაოდენობისა ან რიგის მიხედვით, ან საგნის ნაწილს გამოხატავს მთელთან შეფარდებით
გვაქვს რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი რიცხვითი სახელები.
რაოდენობითი |
რაოდენობითია ისეთი სახელი, რომელიც საგნის რაოდენობას აღნიშნავს: ერთი, ორი, ათი, ასოცი, ათასი მილიონი. |
შედგენილობის მიხედვით რაოდენობითი სახელები შეიძლება იყოს მარტივი და რთული.
მარტივი რიცხვითი სახელებია: ერთი, ორი, ოცი...
რთული რიცხვითი სახელებია: (ა)თ-ერთ-მეტი, (ა)თ-ორ-მეტი, ოც-და-ხუთი, სამ-ოც-და-ხუთი.
რიგობითი |
რიგობითი ჰქვია ისეთ რიცხვით სახელს, რომელიც აღნიშნავს საგნის რიგს: პირველი, მეორე, მეათე, მეასე... |
რიგობითი სახელი ნაწარმოებია სათანადო რაოდენობითი სახელის ფუძისაგან კონფიქს მე--ე-ს დართვით: მე-ორ-ე, მე-ათ-ე, მე-ას-ე...
წილობითი |
წილობითი ჰქვია ისეთ სახელს, რომელიც მთელის ნაწილს რიცხობრივი შეფარდებით გამოხატავს: მესამედი, მეოთხედი, ოცდამეერთედი. |
ნაცვალსახელი ჰქვია ისეთ სიტყვას, რომელიც ფრაზაში ეკვივალენტია რომელიმე სახელისა (არსებითისა, ზედსართავისა, რიცხვითისა). შინაარსის მიხედვით ნაცვალსახელებში გამოიყოფა შემდეგი ჯგუფები:
პირის |
მე, შენ, ეს, ეგ, ის(იგი); ჩვენ, თქვენ, ესენი, ეგენი, ისინი(იგინი). |
ჩვენებითი |
ეს, ეგ, ის(იგი); ასეთი(აგეთი), ეგეთი(მაგეთი), ისეთი; ამნაირი, მაგნაირი, იმნაირი; ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა; ამდენი, მაგდენი, იმდენი. |
კითხვითი |
ვინ? რა? რომელი? როგორი? რარიგი? რანაირი? როდინდელი? სადაური? რამდენი? რაერთი? რადარა? |
კუთვნილებითი |
ჩემი, შენი, მისი(იმისი), ჩვენი, თქვენი, მათი(იმათი), თავისი(თვისი). |
კითხვით- |
ვისი? რისა? (რისი?) |
მიმართებითი |
ვინც(ვინცა), რაც(რაცა), რომელიც, როგორიც, რანაირიც, როდინდელიც, რამდენიც, ვისიც, რისაც(რისიც), სადაურიც. |
ურთიერთობითი |
ერთმანეთი, ერთურთი, ერთიმეორე. |
განსაზღვრებითი |
თვით (თვითონ, თითონ), თავად, თვითეული, ყოველი, ყველა, სხვა, მავანი. |
განუსაზღვრელობითი |
ერთი, ზოგი (ზოგიერთი), კაცი. |
უარყოფითი |
არავინ, ვერავინ, ნურავინ, არაფერი, ვერაფერი, ნურაფერი. |
უკუქცევითი |
თავი |
საწყისი ჰქვია ზმნის უუღლებელ ფორმას, რომელიც ზმნის ლექსიკური მნიშვნელობის მატარებელია უღლების (პირის, დროის კილოს) კატეგორიათაგან განყენებულად.
ზმნის გრამატიკული კატეგორიებიდან მას მოეპოვება: გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, კონტაქტი, იშვიათად გვარი (განსხვავებას მოქმედებითსა და ვნებითს შორის თითოოროლა ზმის საწყისი გვიჩვენებს: ტეხა/ტყდომა, წყვეტა/წყდომა, ხეთქა/სკდომა). სახელის გრამატიკული კატეგორიებიდან მას მოეპოვება ბრუნვის კატეგორია.
საწყისის მაწარმოებლებია:
- ა |
წერ-ა, გრეხ-ა, ხატვ-ა, მალვ-ა, ჩაყოფ-ა და ა. შ. |
ომ - ა |
დგ-ომ-ა, ნდ-ომ-ა, ტყდ-ომ-ა, ხტ-ომ-ა, ჭდ-ომ-ა და ა. შ. |
ოლ - ა |
ბრძ-ოლ-ა, ძღ-ოლ-ა, ქრ-ოლ-ა, თრთ-ოლ-ა, ძრწ-ოლ-ა და ა. შ. |
- ილ - |
სიც-ილ-ი, ტირ-ილი, დუღ-ილი, წუხ-ილი, დუმ-ილი და ა. შ. |
მიმღეობა ჰქვია ზმნის უუღლებელ ფორმას, რომელიც იბრუნვის და წინადადებაში უმეტესად ისეა გამოყენებული, როგორც ზედსართავი: დამწერი, დასაწერი, დაწერილი, დაუწერელი.
გრამატიკული კატეგორიებიდან მიმღეობას მოეპოვება: დრო, გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, კონტაქტი, გვარი და ბრუნვის კატეგორია.
განასხვავებენ მოქმედებითი და ვნებითი გვარის მიმღეობას.
მოქმედებითი გვარის მიმღეობას აწარმოებს:
მ - ელ |
მ-ყიდვ-ელ-ი, და-მ-პყრობ-ელ-ი, გა-მ-გებ-ელ-ი, და-მ-რტყმ-ელ-ი და ა. შ. |
მა - ელ |
მა-ტარებ-ელ-ი, მა-სწავლებ-ელ-ი, აღ-მა-სრულებ-ელ-ი, მო-მა-კვდინებ-ელ-ი და ა. შ. |
მ - |
და-მ-კარგავ-ი, და-მ-პყრობ-ი, გა-მ-ტეხ-ი, და-მ-გებ-ი და ა. შ. |
ა. შანიძე, თხზ. თბილისი, 1980.
Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.
საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.