ARMAZI | არმაზი | ARMAZI |
ძველი ქართული ენის ძეგლები სამ ჯგუფად იყოფა: ხანმეტი, ჰაემეტი და
სანნარევი. ეს დაყოფა ემყარება იმას, თუ რომელი პრეფიქსები გამოხატავენ მეორე სუბიექტურსა და მესამე ობიექტურ პირებს.
"ხანმეტი" ეწოდება ისეთ წერილობით ძეგლებს, რომლებშიც მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირების ნიშნად ხ - პრეფიქსია გაბატონებული. ხ - პრეფიქსი გვაქვს აგრეთვე ზედსართავი სახელისა და ზმნიზედის უფროობითი ხარისხის ფორმებსა და ი - პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ზმნებში. ისეთ ტექსტებს, სადაც ზემოთ დასახელებულ ფორმებში ჰ - იხმარება, ჰაემეტი ჰქვია, ხოლო სანნარევს უწოდებენ წერილობით ძეგლებს, რომლებშიც სუბიექტური მეორე და ობიექტური მესამე პირების მაწარმოებლად დ თ ტ ძ ც წ ჯ ჩ ჭ თანხმოვანთა წინ ს - პრეფიქსი დასტურდება.
ყველაზე ძველია ხანმეტი ტექსტები (V ს. - VIII ს-ის I ნახევარი). ჰაემეტი ტექსტების უძველესი ნიმუშია წყისის წარწერა (616-619 წ.). სანნარევი ტექსტები IX საუკუნიდან გვხვდება.
უძველესი ჰაემეტი ხელნაწერი აღმოაჩინა და 1923 წელს გამოსცა ა. შანიძემ. მანვე შექმნა "ხანმეტის" ანალოგიით ტერმინი ჰაემეტი და აღმოჩენილ ტექსტს უწოდა "ჰაემეტი ლექციონარი".
ჰაემეტი ტექსტები დაცულია H - 1329 ხელნაწერში, რომელიც პალიმფსესტს წარმოადგენს. ამ ხელნაწერის 53 ფურცელი ინახებოდა სოფელ იფარში (მესტიის რაიონი). ეს ხელნაწერი ნაშთია ოდესღაც დიდი მოცულობის წიგნისა, რომელიც 400-მდე ფურცელს შეიცავდა. ენობრივი და პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ძეგლი VIII საუკუნის მეორე ნახევრისაა.
Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.
საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.