ARMAZI | არმაზი | ARMAZI |
ძველი ქართული ენის ძეგლები სამ ჯგუფად იყოფა: ხანმეტი, ჰაემეტი და
სანნარევი. ეს დაყოფა ემყარება იმას, თუ რომელი პრეფიქსები გამოხატავენ მეორე სუბიექტურსა და მესამე ობიექტურ პირებს.
"ხანმეტი" ეწოდება ისეთ წერილობით ძეგლებს, რომლებშიც მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირების ნიშნად ხ - პრეფიქსია გაბატონებული. ხ - პრეფიქსი გვაქვს აგრეთვე ზედსართავი სახელისა და ზმნიზედის უფროობითი ხარისხის ფორმებსა და ი - პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ზმნებში. ისეთ ტექსტებს, სადაც ზემოთ დასახელებულ ფორმებში ჰ - იხმარება, ჰაემეტი ჰქვია, ხოლო სანნარევს უწოდებენ წერილობით ძეგლებს, რომლებშიც სუბიექტური მეორე და ობიექტური მესამე პირების მაწარმოებლად დ თ ტ ძ ც წ ჯ ჩ ჭ თანხმოვანთა წინ ს - პრეფიქსი დასტურდება.
ყველაზე ძველია ხანმეტი ტექსტები (V ს. - VIII ს-ის I ნახევარი). ჰაემეტი ტექსტების უძველესი ნიმუშია წყისის წარწერა (616-619 წ.). უძველესი ჰაემეტი ხელნაწერი, ამოკითხული ა. შანიძის მიერ, VIII საუკუნის მეორე ნახევრისაა. სანნარევი ტექსტები IX საუკუნიდან გვხვდება.
1920 წელს გამოქვეყნდა ა. შანიძის მონოგრაფია: "სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში". მკვლევარმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხ-არ, (მო)-ხ-უალ, (მო)-ხ-უედ ზმნებში მეორე სუბიექტური პირის ნიშნად დასტურდება ხ -. 1923 წელს "ტფილისის უნივერსიტეტის მოამბის" II ტომში დაიბეჭდა ა. შანიძის გამოკვლევა "ნაშთები მესამე პირის ობიექტური პრეფიქსის ხმარებისა ხმოვნების წინ ქართულ ზმნებში". ავტორის ვარაუდით ხ - პრეფიქსი ადრე მესამე სუბიექტური პირის ნიშნადაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რასაც ადასტურებს ნაზმნარი სახელი ხერთვისი (ხ-ე-რთ-ვ-ი-ს) და მცხეთისა და ბოლნისის წარწერებში დადასტურებული ისეთი ზმნური ფორმები, როგორიცაა ხეყავ, შეხეწიე, შეხუაბთ.
ტერმინი "ხანმეტი" პირველად გიორგი მთაწმინდელის ნარედაქციევი ოთხთავის ანდერძში გვხვდება:
"ესე საცნაურ იყავნ ყოველთა, რამეთუ ესე წმიდაჲ ოთხთავი ახლად გჳთარგმნია ფრიადითა იძულებითა ძმათა ვიეთმე სულიერთაჲთა და ბერძულთა სახარებათასა შეგჳწამებია ფრიადითა გამოწულილვითა. და ვინცა ვინ დასწერდეთ, ვითა აქა ჰპოოთ, თუ ამისგან ჯერ-გიჩნდეს დაწერაჲ. და თუ არა რაჲმე გაშუნდეს, ჩუენნი ყოველნი სახარებანი პირველითგან წმიდად თარგმნილია და კეთილად, ხანმეტნიცა და საბაწმიდურნიცა, მუნით დაწერეთ და ღმრთისათჳს ერთმანერთსა ნუ გაჰრევთ და გლახაკისა გეორგისათჳს, რომელმან-ესე ვთარგმნე, ლოცვა ყავთ." მკვლევართა აზრით საბაწმიდური ოთხთავი არის ის რედაქცია, რომელიც შეიმუშავეს პალესტინაში, საბაწმინდის ლავრაში. აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა ტერმინი ხანმეტი. ზოგს იგი კომენტარად (თარგმანებად) მიაჩნდა (მ. ბროსე), ზოგს - დანართად (დ. ბაქრაძე), ზოგს - სრულ სახარებად (ა. ცაგარელი), ზოგს - გეოგრაფიულ სახელად ან ფრიად ძველად (თ. ჟორდანია), ზოგს - ხანძთად (მ. ჯანაშვილი). ა. შანიძის გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ხანმეტი ოთხთავი, გოირგი მთაწმიდლის ანდერძის მიხედვით, ისეთი ტექსტის აღმნიშვნელად იხმარება, სადაც მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირების პრეფიქსად, აგრეთვე ზედსართავ სახელთა და ზმნიზედათა უფროობითი ხარისხის ფორმებში და ი - პრეფიქსიანი ვნებითის ფორმებში ხ - გვხვდებოდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ხ - აღარ გამოითქმებოდა, ამ ტიპის ტექსტების აღმნიშვნელად შექმნეს ზუსტი და მარჯვე ტერმინი ხანმეტი. |
ა. შანიძე, ნაშთები მესამე პირის ობიექტური პრეფიქსის ხმარებისა ხმოვნების წინ ქართულ ზმნებში, თხზ. II, 1981.
ა. შანიძე, სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში, თხზ. II, 1981.
კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997.
Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.
საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.