ARMAZI არმაზი ARMAZI

ქართული ენის ზოგადი დახასიათება


ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის ერთადერთი ენაა, რომლის ისტორიაც მრავალი საუკუნის მანძილზე მდიდრადაა დოკუმენტირებული ძეგლებით (წარწერებით, ხელნაწერებით...). ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლად ითვლება ბოლნისის სიონის წარწერა, რომელიც მეხუთე საუკუნის დამლევით (492-493 წ.) თარიღდება და შესრულებულია ასომთავრული მრგლოვანით. სპეციალისტების ვარაუდით ქართული დამწერლობა მეხუთე საუკუნეზე დიდი ხნით ადრე უნდა შექმნილიყო: ისეთი ჩამოყალიბებული, დამთავრებული სახე აქვს ამ უძველეს წარწერაში ასოთა მოხაზულობას.

ქართული ენის განვითარებაში განასხვავებენ ძველ და ახალ ქართულს. ძველი ქართული ენა მეხუთე საუკუნიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ექვსი საუკუნის მანძილზე არაა ერთფეროვანი: ხანმეტი ძეგლები, ჰაემეტი ძეგლები, IX-X საუკუნეთა ძეგლები მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; და მაინც, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა.

ახალი ქართული სალიტერატურო ენა ისახება მეთორმეტე საუკუნიდან. მეხოტბეთა (შავთელი, ჩახრუხაძე) ენა, შ. რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ენა უკვე აღარაა ძველი ქართული; სახელთა ბრუნებაში, ზმნის უღვლილებაში ახალი ქართულის დამახასიათებელი მოვლენები გვაქვს.

ახალ სალიტერატურო ქართულ ენას აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ცოცხალი მეტყველება - ქართლური და კახური - დაედო საფუძვლად. დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის განთავისუფლება თურქთაგან 1122 წ. და პოლიტიკური და კულტურული ცენტრის ქუთაისიდან თბილისში გადმონაცვლება ის დიდმნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენაა, რომელმაც ახალი ქართული სალიტერატურო ენის წარმოქმნა შეაპირობა.

ქართული სალიტერატურო ენის ბუნებრივი განვითარების ხაზი XVIII საუკუნის 60-იან წლებში გაწყდა ანტონ კათალიკოსისა (ანტონ პირველის) და მისი სკოლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ამ სკოლის ხელში იყო ქართული სალიტერატურო ენის განვითარება მთელი საუკუნის განმავლობაში - XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან XIX საუკუნის 60-იან წლებამდე. ანტონ პირველმა რიტორიკას ჩააბარა ქართული სალიტერატურო ენის ბედი. რიტორიკის ნორმები - სამი სტილის თეორია - უარყოფდა ერთი სალიტერატურო ენის საკმარისობას: ერთი სალიტერატურო ქართულის ნაცვლად უნდა შეექმნათ სამო სახის წიგნური მეტყველება, სამი სტილის ქართული.

სამი სტილის თეორიის თანახმად ყველა საგანზე მსჯელობა ერთი და იმავე ენით დაუშვებლად იყო მიჩნეული: "მაღალ მატერიას" (მაგ. ღვთისმეტყველებას) აღზევებული ენა - "მაღალი სტილი" შეეფერებოდა; ისტორიული თხრობა, მაგალითად, "საშუალო სტილს" მოითხოვდა; ყოველდღიური ამბები, საყოფაცხოვრებო მოვლენები "უბრალოდ" ითქმოდა, მას ჩვეულებრივი სასაუბრო ენა გამოადგებოდა, - ეს იყო "დაბალი სტილის" სამყარო.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა ძალისხმევით ცოცხალმა მეტყველებამ კვლავ აღიდგინა კუთვნილი უფლებები და ბრძოლკა ერთი ენისათვის ილ. ჭავჭავაძის გამარჯვებით დამთავრდა.

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა შემდგომი განვითარებაა ილიას, აკაკის, ვაჟას ენისა. XX საუკუნის ქართულმა თვალსაჩინო ცვლილებები განიცადა, განსაკუთრებით ლექსიკაში; ახალი ყოფა, უპირველეს ყოვლისა, ლექსიკაში პოვებს უკუფენას. ლექსიკის გამდიდრებას იწვევს აგრეთვე სამეცნიერო დარგების ჩამოყალიბება ქართულ ენაზე, საინფორმაციო საშუალებების სიმრავლე და ა.შ.




წყაროები:

არნ. ჩიქობავა, ქართული ენის ზოგადი დახასიათება, ქეგლი, ტ. I, თბილისი, 1950 წ.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.