ARMAZI არმაზი ARMAZI

ქართველური ენები

ქართული ენის ფშაური კილო

ფშაური კილო აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტთა ე. წ. ფხოური ჯგუფის ერთი წევრია და ამ ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით თავისებურ მდგომარეობაშია. ფშაური კილოს პირველი მკვლევარი ა. შანიძე აღნიშნავდა: "ფშაურს ცოტა მოშორებული ადგილი უჭირავს, რადგანაც დროთა განმავლობაში, ქართლ-კახეთის სიახლოვის გამო მას მეტი გავლენა დასტყობია ბარისა".

თითქმის ცხრა ათეული წლის წინ ნათქვამი ეს სიტყვები სრულიად შეეფერება ახლანდელ ვითარებას: ამ კილოზე მოლაპარაკე მოსახლეობის ბარისა თუ მთისწინეთის სხვადასხვა ადგილებში გაძლიერებული მიგრაციების წყალობით, იგი კიდევ უფრო დაუახლოვდა ბარელთა მეტყველებას და დაშორდა თავის თავდაპირველ მოძმე კილოებს - თუშურს, ხევსურულსა და მოხეურს.

გავრცელების არე

ტერიტორია, რომელზედაც გავრცელებულია დღეს ფშაური დიალექტი, საკმაოდ დიდია და თანაც "კუნძულების" სახით გაფანტული აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში. საკუთრივ ფშავი არაგვის ხეობაშია, ჟინვალიდან ჩრდილოეთით და მიუყვება ფშავ-ხევსურეთის არაგვის ორსავე ნაპირს. ფშაველთა სოფლები აქ საკმაოდ ბევრია, ოღონდ მოსახლეობა ძალზედ არის შემცირებული. რაც დარჩენილა, მათაც დაუტოვებიათ თავიანთი პირვანდელი საცხოვრებლები მთის კალთებსა და წვერებზე და დაბლა დაუწევიათ, არაგვის ნაპირებისაკენ, საავტომობილო გზის სიახლოვეს.

არაგვის ფშავი იწყება ჟინვალთან, მიუყვება ფშავ-ხევსურეთის არაგვს ორწყლამდის, ხევსურეთის მიჯნამდის, შემდეგ განშტოვდება მარჯვნივ და გრძელდება უკვე საკუთრივ ფშავის არაგვის ხეობაში მის სათავეებამდის ბორბალოს მთის მისადგომებთან. აქ ბოლო სოფელი არის ელიაგზა. დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ფშავლები ივრის ზემო წელში, ერწო-თიანეთის ტერიტორიაზე. ამ ადგილს ზოგჯერ ივრის ფშავსაც უწოდებენ ხოლმე.

ფშავლები კომპაქტურად ივრის სათავეებთან ცხოვრობენ. ფშაური მეტყველებაც ყველაზე უკეთ ამ რაიონშია შემონახული. იმ სოფლების რიცხვი, სადაც ფშაური მოსახლეობა ცხოვრობს, ერთი ათეულით შემოიფარგლება: ღორღა, ზემო და ქვემო არტანი, სახევი, ქუშჴევი, თეთრაულები, ბოდაჴევა, სხლოვანი, კვერნაულა, ლიშო. რამდენიმე სოფელი, რომელშიც ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის 40-იან წლებში ცხოვრობდნენ ფშავლები, დაცლილია და ნასოფლარებადაა ქცეული. ესენია: კორსავი, ბაფხისჴევი, ყვარა, ხილიანა, ბაჩალი, ჴაშარი, საშუბი, სოფლიონი. ამავე არელში ასახელებენ რამდენიმე ნასოფლარს, სადაც ადგილობრივთა ჩვენებით, უწინ ფშავლები ცხოვრობდნენ: ჯაბლევი, ჴატჴეორჴი, მგელათციხე, ყაფარი, თიქონი, ჯღანაურა; ზოგ მათგანში მოსახლეობა ჩანს გუსტავ რადეს 1878 წ. აღწერილობის მიხედვით.

ფშაველებით დასახლებული დანარჩენი სოფლები გაფანტულია ერწო-თიანეთის ველებზე და არაგვისა და ივრის წყალგამყოფზე აღარაა ისე კომპაქტურად. ეს სოფლებია: ჩაბანო, ჯიჯეთი, ვერჴველა, თეთრაჴევა, ნოჯიკეთი, ჴეობა, ნოჯა, ფიჭვიანი, ჩეკურაანთგორი, მაგრანეთი, ორხევი. ფშაური მოსახლეობა საკმაოდაა ახმეტის რაიონში, ილტოსა და პანკისის ხეობებში.

რაც შეეხება კახეთის, გომბორისა და შირაქის ფშავლებს, ისინი მე-20 ს-ნის პირველ მეოთხედში არიან დამკვიდრებულნი. შირაქში მთიელთა მუდმივად დასახლება სტიქიურად დაიწყო ჩვენი საუკუნის დასაწყისში. ამის შედეგად გაჩნდა სამი დიდი სოფელი: ზემო ქედი - ძირითადად მთიულები, არხილოსკალო - მთიულები და ხევსურები და ქვემო ქედი - ფშავლები.




წყაროები:
დ. ხიზანაშვილი, ფშაური ლექსები, შეკრებილი დავით ხიზანაშვილის მიერ, ტფილისი, 1887.
ბაჩანა, თხზულებანი, სოლ. ყუბანეიშვილის რედაქციით, თბილისი, 1938.
ქართული ხალხური სიტყვიერება, მიხ. ჩიქოვანის რედაქციით, ტ. III, თბილისი, 1953.
ს. მაკალათია, ფშავი, თბილისი, 1934.
გ. თევდორაძე, ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში, წ. I, ტფილისი, 1930; წ. II, თბილისი, 1939.
ა. შანიძე, სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში, კრებულში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1957.
ა. შანიძე, ქართული კილოები მთაში, კრებულში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1957.
ა. შანიძე, ვაჟას ლექსიკონი, დართული ვაჟა-ფშაველას თხზულებათა I, II, III და IV ტომებს.
გ. ცოცანიძე, ფშაური დიალექტი, თბილისი, 1978.
ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.